სოფელ ვაჩიანში, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმრო დაწესებულებაში თავი მოიკლა. შემთხვევა 27 აგვისტოს, გლდანის მე–8 საპყრობილეში მოხდა.
მომხდარს ადასტურებს მისი ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი.
ნოდარ ა–ს
წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. როგორც ამბობენ, მან
თვითმკვლელობა ორჯერ სცადა და ვენები გადაიჭრა. ბოლოს კი თავი
ჩამოიხრჩო.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა ვითარებაში გარდაიცვალა ბრალდებული – კითხვაზე პასუხი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან, ჯერ არ მიგვიღია.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდული იყო.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ნოდარ აკოფოვი 11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დააკავეს.