სომხურ ენას უნდა მიენიჭოს რეგიონული სტატუსი; ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს გადაეცეს; გაიხსნას სომხური სკოლები და მიეცეთ უკვე არსებულ სომხურ სკოლებში სომხეთის ისტორიის შესწავლის უფლება – ამ მოთხოვნებით მოძრაობა “ერთიანი ჯავახკის” ყოფილი ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მიმართავს.
ჩახალიანი ამ მოთხოვნების ფონზე ყველა კანდიდატს სთხოვს, დააფიქსიროს პოზიცია საქართველოში მცხოვრები ერთნიკური სომხების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და რუსულ ენაზე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ “საპრეზიდენტო პროგრამაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, მათი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში როგორ მოგვარდება ენის, განათლებისა და რელიგიური პრობლემების საკითხები, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სომხებს აწუხებთ.”
აპირებს თუ არა ვაჰაგან ჩახალიანი რეგიონული ენის მოთხოვნის დაყენებას – ამ და სხვა თემებზე მას “რეზონანსი” ესაუბრა.
– ჩემ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ყველა პრობლემა მითითებული მაქვს. ეს იქნება სკოლების პრობლემა თუ რეგიონალური ენის მოთხოვნა. სააკაშვილის დროს ბევრი სომხური სკოლა დახურეს. ამბობდნენ, თითქოს სხვა ენის სწავლა არ გვინდოდა. ეს აბსურდია. თუკი სახელმწიფოს სურს, რომ ქართული ენა ვისწავლოთ, დაამატონ ქართული ენის საათები. სომხური სკოლები კი აღგვიდგინონ. ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხურ სკოლებში სომხური ისტორია კვირაში ერთი საათით ისწავლებოდა, სააკაშვილმა კი ეს აკრძალა და ამ ისტორიის სწავლების აღდგენას ვითხოვ.
ჩვენი სურვილია თვითმმართველობას ადგილობრივები მართავდნენ და ის პრეზიდენტის კანცელარიიდან არ იმართებოდეს. კანონით, თვითმმართველობა არჩევითი უნდა იყოს, მაგრამ ეს, დემოკრატიული თვითმმართველობა არავის ახსოვს. 2006 წლის 5 ოქტომბერს ახალქალაქში ჩვენ “ნაციონალებს” ადგილობრივი არჩევნები მოვუგეთ, მაგრამ ადგილები წაგვართვეს და ვინც უნდოდათ, ის დანიშნეს. აუცილებელი იყო, რომელიღაც პარტიის სახელით მიგეღო არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ ჩვენ თითქმის ყველა პარტია დაგვიბლოკეს. სააკაშვილი ექსტრემისტებს გვეძახდა და ბევრმა ამიტომ უარი გვითხრა. არადა ექსტრემისტები არ ვყოფილვართ. ბოლოს რამდენიმე ადგილობრივმა ეთნიკურმა სომეხმა პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” სახელით ვიყარეთ კენჭი. ახალქალაქში 67% ავიღეთ და პირველები ვიყავით, რომლებმაც სააკაშვილს მოვუგეთ.
– სომხური ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების
მოთხოვნა გაქვთ. რატომ არის ეს სურვილი და რომელიმე კანდიდატთან თუ
გქონდათ ამაზე საუბარი?
– იცით, ჩვენ რა გვინდა?! მაგალითად აქ, ჯავახეთში, ასეთი
რამ ხდება. როდესაც ადამიანს აკავებენ, სომხური ენაზე მისი დაკითხვა
დაშვებულია. ხოლო როდესაც ვიღაც სოფლიდან ჩამოსული ადამიანი
ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანას მოისურვებს, ეს
დაუშვებელია. განცხადება ქართულად უნდა იყოს დაწერილი, სოფლის 60 წლის
ადამიანმა კი ქართული არ იცის. ეს ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება.
ჩვენ ვამბობთ, რომ როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ეთნიკურ
უმცირესობათა ენების განსაზღვრასა და მათი პრობლემების მოგვარებაზე
ვალდებულება აიღო. საქართველოს 2006 წელს ხელი მოწერილი აქვს იმ
კონვენციისათვის, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას
ეხება, მაგრამ ეს კონვენცია არ მუშაობს. ჩვენ დაცულები არ ვართ.
გვინდა, რომ სახელმწიფომ კონვენცია მომავალში მაინც დაიცვას და
ამიტომაც ეთნიკურ სომხებს გვაინტერესებს ახლანდელი საპრეზიდენტო
კანდიდატები რას გვპირდებიან.
საქართველოში ამომრჩეველთა 5%-ზე მეტი ეთნიკური სომეხია და პრეზიდენტობის მსურველებმა ჩვენი პრობლემებიც უნდა გაიზიარონ. კანდიდატებიდან მხოლოდ დავით ბაქრაძე იყო ახალქალაქში ჩამოსული, დანარჩენები – არა. ბაქრაძე შეგვპირდა, თქვენს უფლებებს დავიცავო, თუმცა ეს ბლეფია და ამის არავის სჯერა. 9 წელი სწორედ “ნაციონალები” არღვევდნენ ჩვენს უფლებებს და ამიტომ მისი არ გვჯერა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბაქრაძესთან შესახვედრად ხალხის მობილიზებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აწარმოებდა. ეს კი ნათლად მიანიშნებს იმას, რომ ახალქალაქს ისევ ძველი, ვანო მერაბიშვილის ხალხი მართავს.
– ამბობთ, რომ ახალქალაქში გლეხმა განცხადება ქართულად
უნდა დაწეროს და მან ქართული არ იცისო. თუკი სომხურ ენას რეგიონალური
ენის სტატუსი ექნება, ადგილობრივებისთვის ქართულის სწავლა საინტერესო
არ იქნება და დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაცია კიდევ უფრო
გართულდება.
– არა, ეს არაფერ შუაშია. 60 წლის კაცს ქართულს ხომ ვერ
ასწავლი, ახალგაზრდები კი სწავლობენ. უბრალოდ ეს უფლებების დარღვევაა,
როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ენების მიხედვით აისხვავებ და
ამბობ, თუ მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცის, მას საკუთარი უფლებების
დაცვა შეუძლია, ხოლო ვინც სახელმწიფო ენა არ იცის, ის არჩევნებშიც კი
ვერ იღებს მონაწილეობას. აქ საუბარია იმაზე, რომ ქართული ექსტრემიზმი
არ უნდა არსებობდეს.
– პირიქით, საუბარია იმაზე, რომ მაგალითად სომხური
ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებამ შეიძლება ექსტრემიზმი
გააღვივოს.
– ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯავახეთში არანაირი
ექსტრემიზმი არ არსებობს. ეს არავის უნდა, არც სომხეთს, არც
საქართველოს და არც ჯავახეთის მოსახლეობას. სომხეთსა და საქართველოს
კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. ბოლოს და ბოლოს ამ თემაზე საუბარი
უნდა დასრულდეს. ხალხს აქ ნორმალურად, ცივილიზებულად ცხოვრება
სურს.
– თუკი თქვენი მოთხოვნები ყურად არავინ იღო, რას აპირებთ?
– ბევრჯერ გავიმეორებთ, რომ იქნებ დიალოგის გზით შევძლოთ
პრობლემების მოგვარება. არაფერი რადიკალური და ექსტრემისტული,
არანაირი აქციები არ იქნება.