ადიგენის მუნიციპალიტეტში, 29 მაისის სტიქიისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალეს. გამგეობაში ამბობენ, რომ ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას – ხიდებს, გზებს, მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, 88 174 ლარის ზიანი მიაყენა.
ზარალის დამთვლელმა კომისიამ, დატბორილი და განადგურებული სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ნათესები შეისწავლა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტი 65 015 ლარით აზარალა.
ადიგენის გამგეობაში ამბობენ, რომ მწირი ბიუჯეტის გამო, მოსახლეობის ზარალს ისინი ვერ აანაზღაურებენ. თვითმმართველობა კომპენსაციისთვის თანხის მოძიებას, სხვა სტრუქტურებისგან ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისის სტიქიამ რამდენიმე სოფელში, ინფრასტრუქტურა და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვარხანსა და უნწაში იყო, სადაც წყალდიდობის გამო, დაიხოცა შინაური პირუტყვი და ფრინველი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.