კუმურდოში მინისტრთან მოლაპარაკება დასრულდა
კუმურდოში შს მინისტრთან ადგილობრივების შეხვედრა დასრულდა.
გადაწყდა, რომ სპეცრაზმი დატოვებს სოფელს, მათთან დაპირისპირების დროს დაკავებულ ორ ადგილობრივს კი გაათავისუფლებენ. ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციელები დარჩებიან.
ადგილობრივი გამოცემა Jnews.ge-ს ინფორმაციით, შეკრებილ მოსახლეობას, შეთანხმების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა მიაწოდეს. ისინი გიორგი მღებრიშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.
მათი თქმით, ეკლესიის ეზოში ქვაჯვარის დადგმის საკითხის გადაჭრა, სასულიერო პირებისა და მოსახლეობის შეთანხმების შემდეგ უნდა მოხდეს და ამაში შს სამინისტრო ვერ ჩაერევა.
ეკლესიასთან შეკრებილ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდეს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ დაკავებულების გათავისუფლებამდე არ დაიშლებიან.