,,ქვაჯვარის დასადგმელად კუმურდოს ტაძრის მიმდებარედ ადგილი შეირჩევა" – ნიკოლოზ ანთიძე
კუმურდოში სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. სოფელში დაპირისპირება ადგილობრივების მიერ ეკლესიის ეზოში შესვლის მცდელობას მოჰყვა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი რესტავრაცია 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო და დღემდე გრძელდება. სოფელ კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძეც ჩავიდა.
"ვნახავთ სარესტავრაციო პროცესები როგორ მიმდინარეობდა და გაგრძელდება სამუშაოები ისე, რომ ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება. ჩვენ რამდენჯერმე შევთანხმდით და ვესაუბრეთ ადგილობრივებს, რომ ქვაჯვარის დასადგმელად შესაბამისი ადგილი შეირჩევა მიმდებარედ", – განაცხადა კუმურდოში ყოფნისას სააგენტოს ხელმძღვანელმა.
30 სექტემბერს, დღის 11 საათისთვის, ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში სანთლების დანთება უნდოდათ, რისი საშუალებაც, დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოსახლეობის ეკლესიის ეზოში შესვლის მცდელობის შემდეგ, სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა.
ადგილობრივების და სამართალდამცავების დაპირისპირების დროს ათამდე პოლიციელი დაშავდა, დაშავებულებს შორის არიან ადგილობრივებიც. დაიმტვრა რამდენიმე მანქანაც, როგორც ადგილობრივების, ისე სამართალდამცველების. ამ ეტაპზე სოფელში სიმშვიდეა. ადგილობრივებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
ინცინდენტის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი, რომელმაც ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს დღის ბოლომდე გაათავისუფლებდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები დაპირისპირების დროს დაზიანებულ ავტომობილებს ექსპერტიზას უტარებენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოიღობა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ქვაჯვარის აღმართვის საკითხს ქართველი და სომეხი სასულიერო პირები ერთობლივად გადაწყვეტენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.