რეგიონი
ფრანგი ფოტოგრაფი სვანური სოფლის შველას ითხოვს
როგორია ჩვენი ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური, თუ სოციალური სინამდვილე?

რა შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველო სხვა ქვეყნის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე გასარუჯად ან ღვინის ტურში მონაწილეობის მისაღებად ორი კვირით კი არ არიან ჩამოსულნი, არამედ უფრო ღრმა კულტურული და ყოფითი კავშირები აქვთ ჩვენს ქვეყანასთან?

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგებ გუდაურში, ბაკურიანში ან ზამთრის სხვა ტურისტულ კუროტებზე რუსი დამსვენებლების ფრაზას: "შვეიცარია ძვირი ჯდება, ამიტომ აქ ჩამოვედით"

არიან ისეთებიც, ვინც საქართველოში შედარებით მცირე ფინანსური დანახარჯებით 10 დღის გასატარებლად არ ჩამოსულან და მათი ინტერესები ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მიმართ ბევრად უფრო მასშტაბური და მძაფრია.

საკმაოდ წარმატებული ფრანგი ფოტოგრაფი ფრენცის პრიმერსკი საქართველოთი უკვე ათი წელია მოწამლულია. ხელოვანი, რომელსაც ჯეიმს ბრაუნთან, "Queen"-თან, ჯო კოკერთან, "Scorpions"-თან უმუშავია, თბილისში ლეგენდარულ ჯგუფ "ერისიონს" ჩამოჰყვა და ისე შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა, რომ მას შემდეგ აქ დასახლდა.

პრიმერსკი, შეიძლება ითქვას, ბევრ ქართველზე უკეთ იცნობს საქართველოს ტერიტორიას, მის კულტურულ ძეგლებს. ფოტოგრაფი მუდმივად მოგზაურობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და უნიკალურ ხედებს საკუთარი ფოტოობიექტივით აფიქსირებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული მისი ვიდეო–მიმართვა, რომელიც სვანეთის ერთ–ერთი მიტოვებულ სოფელში ჩაწერა, ფართო განხილვის საგანი გახდა.

გაოგნებული ფრანგი ფოტოგრაფი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, თუ როგორ ექცევა საკუთარ, უნიკალური ფასეულობის მქონე კულტურულ მემკვიდრეობას ქვეყანა.

პრიმერსკი გადაცემა "პანორამასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გულდაწყვეტით საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხშირად აწყდება:

"მე თბილისში ვცხოვრიბ და თავს ქართველად ვთვლი. რაც სვანეთის ამ ულამაზეს სოფელში, ადისში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ისტორიის მიგდება და მისთვის ზურგის შექცევა. უნიკალური შენობები ინგრევა და არავინ არაფერს აკეთებს. ვგულისხმობ იმ ხალხს, ვისაც ეს ევალება. რაღაც უნდა ვიღონოთ, ყველას ვთხოვ, ვეხვეწები, იღონეთ რამე.

ამ ქვეყანაში არის უამრავი ისეთი რამ, რასაც სხვაგან ვერსად იპოვი. თქვენ ისტორიასა და მოდერნიზაციას შორის საჭირო ბალანსი უნდა მოძებნოთ, რადგან თუ მოდერნიზაცია წარსულის მივიწყებასა და ჩანაცვლებას ნიშნავს, ეს უკვე ის ფასია, რომლის გადახდაც არ ღირს. საკუთარი ქვეყნის ბუნებას რომ პატივი უნდა სცე და მოუარო, ამას სკოლაშიც გვასწავლიან", – აცხადებს პრიმერსკი.

ინტერვიუს დასასრულს კი ფოტოგრაფი ამბობს ფრაზას, რომლის გამოც შესაძლოა ბევრისგან სულაც სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახუროს, მაგრამ ზოგმა შესაძლოა მასში მწარე სიმართლის მარცვლის ამოკითხვაც შეძლოს:

"ერს, სადაც ოკუპაციის გასაპროტესტებლად მიტინგზე 100 კაცი გამოდის, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით კი 10000, მომავალი არ აქვს. არაფერი მაქვს მარიხუანას საწინააღმდეგო, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ პრიორიტეტების განაწილება სწორად უნდა ისწავლოთ".

წყარო: agora.ge

| Print |