აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება დაწყებულია. ამ ეტაპზე საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, პარალელურად ტარდება არქეოლოგიური გათხრებიც.
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ყოველწლიურად ვრცელდება, თუმცა სერიოზული აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, იმედოვნებენ, რომ ეკლესია მალე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საპროექტო სამუშაოები დასრულებულია.
აწურის ტაძრის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეკლესიასთან ერთად იგეგმება აწყურის ციხის რესტავრაციაც.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია საქართველოში პირველი საკათედრო ტაძარია. იგი მოქმედი მეთექვსმეტე საუკუნის ბოლომდე იყო. ისტორიული მონაცემებით, თურქების შემოსევების დროს, წირვა–ლოცვა შეწყდა, რის შემდეგაც იგი გაიძარცვა. კედლები, რომლებმაც ჩვენს ეპოქამდე მოაღწია, მე–10–მე–11 საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა, აღმოჩენილია უძველესი ეკლესიის ნაშთებიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ აწყურის საკათედრო ეკლესია, საქართველოში ტაძრების აგებისას, ხუროთმოძღვრებისთვის სამაგალითო ძეგლი იყო.
თიკო კურტანიძე