დღეს, საქართველოში სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავენ.
1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება. 1811 წლის 10 ივნისს, ალექსანდრე I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს მისწერა: “გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობისგან უწმინდესი სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით!”
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ჯგუფმა, წმიდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა.
1917 წლის 25 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ, საგანგებო კრებაზე მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი. იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი.
მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.