21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა.
ახალციხის ცენტრალურ პარკშიკერძო სკოლა “მზექა“–ს მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, ახალგაზრდებმა ფერადი ცარცებით თემატური ნახატები შექმნეს, შემდეგ კი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ხელებზე ფერადი წინდები გაიკეთეს.
„მთელს მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან დაუნის სინდრომით, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს. ღონისძიებების გამართვის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა უფლებების დაცვა. დაავადება გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში, თუმცა მისი გამოწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია” – აღნიშნა კერძო სკოლა „მზექა“–ს მე-9 კლასის მოსწავლემ ლელა ჩადუნელმა.
საინფორმაციო აქციაში მონაწილეობას მიიღეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმაც.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
დაავადება პირველად ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა. მან 1866 წელს ინგლისში ესსე გამოაქვეყნა, სადაც იმ ბავშვების ჯგუფი აღწერა, რომლებიც დანარჩენებისაგან საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ.
2006 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ: თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე – ტრისომიულ მოვლენას.