ევროატლანტიკურ კავშირში, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან ერთად, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებიც ჩნდება. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით ქვეყანა სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტს მიიღებს. ამის მიუხესდავად, სამცხე–ჯავახეთში საუბრობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ოკუპიურებული ტერიტორიები შეუშლის.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდეგ, საქართველო, ეგრედწოდებული ,,ნატოს ჯარის“ ბაზად გადაიქცევა – ეს კიდევ ერთი მითია, რომელიც სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას აღელვებს. მესხეთში თვლიან, რომ ამ მხრივ საფრთხე სწორედ მათ რეგიონს დაემუქრება, რადგან სამხედრო ბაზები საზღვრისპირა რეგიონის ტერიტორიაზე განთავსდება. ამ მითის სჯერათ არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ ისტორიკოსებსა და კავკასიოლოგებს.
ნატო-ს სტრუქტურა არ გულისხმობს ბაზების განთავსებას წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე – ამ არგუმენტით ცდილობენ მოსახლეობის ეჭვების გაქარწყლებას ნატოს თემაზე მომუშავე ექსპერტები. ისინი ირწმუნებიან, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ბაზები არ განთავსდება.
ნატოს საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ალიანსთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩენილი მითები, საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდის ნაწილია. რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოსა და მის მოსახლეობას, არაერთი პრობლემა შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას, ნატოში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, ადგილობრივების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.