ხერთვისის მკვიდრი კახა გელიაშვილი პროკურატურას მიმართავს და მის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამბობს, რომ დაზარალებულია და ამის სამართლებრივად დამტკიცებას, 9 თვეა ცდილობს.
კახა გელიაშვილმა 2013 წელს, თურქულ კომპანია “ჯორჯიან ურბან ენერჯისთან” ხელშეკრულება გააფორმა და საკუთარი ნაკვეთები ,,ფარავანჰესის“ მშენებელ კომპანიას, დროებით სარგებლობაში გადასცა. მიწის ნაკვეთზე შენობების დამონტაჟება მოხდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მფლობელისთვის მიწა პირვანდელი მდგომარეობით უნდა დაებრუნებინა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანიამ ნაკვეთს პირვანდელი სახე ვერ დაუბრუნა, ამის გამო მეპატრონეს შესთავაზა, რომ კომპენსაციას გადაუხდიდა და მიწაზე არსებული სასაწყობე შენობა და კიდევ ერთი შენობის საძირკველი მას დარჩებოდა. მხარეებმა ეს შეთანხმება ნოტარიულად დაამოწმეს. გელიაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის შემდეგ, ვინმე აბულაძის დავალებით, მის ნაკვეთზე მდებარე შენობის საძირკველს უცხო პირები შლიდნენ და მასალა მიჰქონდათ.
მას შემდეგ, ჯორჯიან ურბან ენერჯის“ წარმომადგენლები გელიაშვილს სთხოვდნენ, რომ მეორე სასაწყობე შენობა, რომელიც მას დაუტოვეს, ისევ უკან, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაებრუნებინა, რაზეც მეპატრონე არ თანხმდებოდა. ცხრა თვის შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში, აღნიშნული შენობა ხერთვისიდან ღამით, ჩუმად გაიტანეს. კახა გელიაშვილი სამართალდამცველებისგან უფლებების აღდგენას ითხოვს. მისმა ადვოკატმა ახალციხის რაიონულ პროკურატურას არაერთხელ მიმართა, თუმცა ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, რის გამოც გამოძიება არ იწყება.
,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი ახალციხის რაიონულ პროკურორს, გელა მაღრაძეს დაუკავშირდა. მან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე არ აღძრულა, თუმცა მომხდართან დაკავშირებულ პირებს გაესაუბრნენ და გაარკვიეს, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. დამატებითი დეტალების შესახებ ვერ საუბრობენ პროკურატურის პრესსამსახურშიც. გელიაშვილი და მისი ადვოკატი აპირებენ, რომ მომხდარის შესახებ მთავარ პროკურატურას მიწერონ. სამარჯიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიაწვდის.