ახალციხის ციხე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ისტორიული კომპლექსის თანამშრომელი აცხადებს, რომ 16–ის ნაცვლად ხელშეკრულება წინასაახალწლოდ ცხრა თანამშრომელს შეუწყდა, დარჩენილი თანამშრომლების ნაწილს კი ანაზღაურება გაეზარდა. აღნიშნულის შესახებ ლილი გოზალიშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა, სადაც იგი თანამშრომლებს დაგვიანებული გამოხმაურებისთვის ბოდიშს უხდის.
„ტელევიზიით და გაზეთთანაც განცხადება გავაკეთე ჩემი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. იქ შეცდომა დავუშვი როცა გავაცხადე 16 თანამშრომლის გათავისუფლებაზე. მაშინ შვებულებაში ვიყავი და ვიმეორებდი დირექტორის სიტყვებს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 7 გიდი და 3 მეთვალყურე. მინდა აქვე აღვნიშნო რომ შარშან დეკემბერში როდესაც ბიუჯეტის შემცირების გამო მე ხელფასი შემიმცირეს, არაფერი მითქვამს, რადგან ჩემი მიზანი იყო ყველა თანამშრომელი დაეტოვებინათ ზამთარში და გახსნის დღიდან ყველას ყოველთვის კბილებით ვიცავდი, მაგრამ ახლა როდესაც სხვა თანამშრომლებისათვის ხელფასი მოუმატებიათ და 9 ადამიანი გაათავისუფლეს გაჩუმება არ შემიძლია. ჩემებო, როგორც ყოველთვის გეძახდით მე თქვენს გვერდით ვდგევარ ნებისმიერ სიტუაციაში და ბოდიშს გიხდით ასეთი დაგვიანებული სიტყვისთვის“ – აცხადებს ლილი გოზალიშვილი. მან მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან, ჯერჯერობით, თავი შეიკავა.
„არასწორი ინფორმაცია რომ იყო, საყვედური ვუთხარი მაგ მხრივ, დანარჩენი, თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს არვიცი“ – აღნიშნა „მეცხრე არხთან“ ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. ილია სიდამონიძის განმარტებით, ამ დროისათვის ხელშეკრულება ცხრა გიდსა და სამ მარეგულირებელს შეუწყდა. მისივე თქმით, დაგეგმილი იყო კიდევ ოთხი მარეგულირებლის გათავისუფლება, თუმცა დაცვის პოლიციამ, რომელიც ციხის ზედა ნაწილს უწევს მეთვალყურეობას, ადმინისტრაციის შეთავაზებაზე – ქვედა ნაწილის მეთვალყურეობაც შეეთავსებინა, უარი განაცხადა. ამიტომ ოთხ მარეგულირებელს ხელშეკრულება ისევ გაუგრძელეს.
რაც შეეეხება, თანამშრომლებზე ანაზღაურების გაზრდას, ილია სიდამონიძის თქმით, ხელფასები გათავისუფლებული კოლეგების ხარჯზე არ დამატებიათ, რადგან თანამდებობების მიხედვით ანაზღაურების გათანაბრება მოხდა. მისივე განმარტებით, იურისტს 50 ლარი დაემატა, კადრების განყოფილების სამსახურს–50, კომენდატს – 100, რეგულირების სამსახურს – 100 და ფინანსური დაგეგმარებისა და შესყიდვების სამსახურის სპეციალისტს – 90 ლარი.
ილია სიდამონიძე ირწმუნება, რომ თანამშრომელთათვის ხელშეკრულების შეწყვეტა ზამთრის არააქტიური სეზონის გამო მოხდა. აპრილის თვიდან ციხის ადმინისტრაცია მათ ხელშეკრულებით აყვანას ისევ გეგმავს.
„ყველას დავაბრუნებთ, თუ სურვილი ექნებათ, ეს მათზეა დამოკიდებული“ – აცხადებს ილია სიდამონიძე.
ახალციხის ციხის 16 თანამშრომელი, რომ ახალ წელს უმუშევარი შეხვდებოდა, ამის შესახებ, ციხის ადმინისტრაციამ ცხრა გიდს, სამ მეთვალყურესა და ოთხ მარეგულირებელს ოფიციალურად 29 დეკემბერს, თათბირზე განუცხადა.