“მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება” – ასე დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური მიმართვა. იგი თანამდებობიდან გადადგა.
ღარბაშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მოვლენებზე ისაუბრა.
“ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო, სწორედ ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ მინისტრის თანამდებობა” – განაცხადა ღარიბაშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის წლის 20 ნოემბერს დაიკავა.
პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება მინისტრებსაც შეუწყდებათ. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.
კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.