იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ბინის გასაღებს მათ დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გადასცემს.
ბინების გადაცემამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, ვინ რამდენოთახიან ბინას და რომელ სართულზე მიიღებს.
იძულებით გადაადგილებულ პირებს, საცხოვრებელი ფართი, რუსთაველის №113–ში მდებარე კორპუსში გადაეცემათ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 – ერთოთახიანია, 32 – ოროთახიანი და 21 – სამოთახიანი.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა.
კორპუსის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილის თვეში დაიწყო. საცხოვრებელი ფართის გადაცემის თარიღმა, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიწია.
2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე 10 747 დევნილ ოჯახს გადაეცა.