ქალაქ ახალციხის მერიამ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დაუბრუნა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მითითებული ვადების შესაბამისად, დღეს, 10 დეკემბერს დოკუმენტის გადაგზავნის ბოლო დღე იყო. წარმომადგენლობით ორგანოში ამ ეტაპზე, ვერ ასახელებენ გაითვალისწინა თუ არა მერიამ დეპუტატების ყველა რეკომენდაცია.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გოგოლაძე ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ მთავრი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი ჯერ კომისიისა და ბიუროს სხდომებზე განიხილება, შემდეგ კი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ. მისივე ინფორმაციით, დოკუმენტის პირველი განხილვისას, საკრებულომ მერიას არაერთი რეკომენდაცია მისცა. კერძოდ ეს ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სოციალურ სფეროებს შეეხებოდა. ყაზბეგისა და ხარისჭირაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ლიფტი 8 სართულიან შენობებში, სპორტული ინვენტარის შეძენა კრივის ჯგუფისათვის, სახელოვნებო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება– ეს რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალია.
კანონმდებლობის მიხედვით, 2016 წლის ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პროექტი თვის ბოლოს უნდა დამტკიცდეს.