ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გამგეობის წინააღმდეგ პრეტენზიები კიდევ ერთხელ გამოთქვა. იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელში რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე სამსახურში აღდგენას ითხოვენ, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირის ჩართვაც გახდა საჭირო. ამიტომ შემდეგ სასამართლო სხდომებს ადგიგენის გამგებლის მოქმედი მოადგილეები და საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსიც დაესწრებიან.
შემდეგი სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მოადგილემ და გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა, გამგეობის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. სიმონ პარუნაშვილი ამ გზით განაცდურის ანაზღაურებას, ხოლო რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად, თანამდებობებზე აღდგენასაც მოითხოვენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უზენაესი სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, ადიგენის მოქმედმა გამგებელმა, ყოფილ თანამშრომლებს განაცდურის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა.