ადიგენის გამგეობაში სამსახურის გაყოფამ და თანამდებობრივმა სარგოებმა დეპუტატთა ხმაური გამოიწვია. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც 1 000 ლარით გაისაზღვრა, მისივე სპეციალისტის თანამდებობრივ სარგოზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს.
ხმაური ადიგენის საკრებულოში სამსახურის გაყოფამ და თანამდებობრივმა სარგოებმა გამოიწვია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს ზედამხედველობის სამსახური გამოეყო. მათი უფროსებისა და სპეციალისტების ხელფასების ოდენობა კი საკრებულოს წევრთა ნაწილმა გააპროტესტა. ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატის თქმით, სამსახურის უფროსს ორჯერ მეტი ხელფასი აქვს, თუმცა, რეალურად საქმეს სწორედ სპეციალისტები აგვარებენ.
სამსახურის უფროსებისათვის 1 000 ლარზე მეტი ოდენობის ხელფასის გაცემას ეწინააღმდეგებიან საკრებულოს სხვა დეპუტატებიც. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი ტატალაშვილი ამბობს, რომ სამსახურის ორად გაყოფამდე უფროსის თანამდებობრივი ზრდის საკითხი სხდომაზე რამდენიმე თვის წინაც დაისვა, თუმცა აღნიშნულს მხარი არც ადრე და არც ახლა დაუჭირა. რატი ტატალაშვილის მსგავსად ფიქრობს დეპუტატი ოთარ კვარაცხელიაც.
გაყოფის შემდეგ, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, გოდერძი სხირტლაძის ხელფასი 1 250 ლარით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის როინ ძაძამიას თანამდებობრივი სარგო 1 000 ლარით, მთავარი სპეციალისტების სარგო 560, ხოლო წამყვანი სპეციალისტების ანაზღაურება 540 ლარით განისაზღვრა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ 8 საკითხი განიხილეს. მათი უმრავლესობა სამსახურების დებულებების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. აქვე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ჯელიამ პოსტი დატოვა და მის მაგივრად კომისიას ზაქარია ენდელაძე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ ადიგენში გეგმიური საკრებულოს სხდომები ყოველი თვის პირველ სამშაბათს იმართება. მასზე დასწრება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია.