ფარეხას დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება – ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გადაცემა „ფერმერის საათში“ განაცხადა. გოდერძი სხირტლაძის თქმით, ამ დროისათვის, ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოებს ინდმეწარმე ჯემალ ქიმაძე 7 349 ლარის ფარგლებში შეასრულებს. 2016 წლისთვის კი ადგილობრივი ხელმძღვანელობა კორპუსის სახურავის შეცვლასა და ფასადების შეღებვას გეგმავს.
რას შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნულზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. გოდერძი სხირტლაძე საკითხის დადებითად გადაწყვეტას იმედოვნებს.
ფარეხას, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, ელექტროენერგია მეოცე საუკუნის 90–იანი წლებიდან აღარ მიეწოდება. აღნიშნულ პერიოდში ელექტროსადენები მოიპარეს და მისი აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გამო, ადგილობრივებმა დასახლება დატოვეს. ამ დროისათვის ფარეხაში სამი ოჯახი ცხოვრობს.