ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, რამდენიმე დღეში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყბს. მანამდე კი თემის მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სურთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტით მოუგვაროს.
https://youtu.be/yIL-4V5T9qw
გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ 2015 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის კუთხით თანხის მატება არ ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, გელა ლომიძე ირწმუნება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას 55 ათასი ლარი შეემატება, მელიორაციის სამსახურის ბიუჯეტი კი 50 ათასი ლარით გაიზრდება.
საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში 200 ათასი ლარით დაფინანსდება სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება, რითაც ოთხი ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. თანხის მატება 10 ათასი ლარით არის დაგეგმილი სოციალურ პაკეტშიც, რომელიც მხოლოდ გამოკვლევებისა და ოპერაციებისთვისაა გათვალისწინებული. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ აღნიშნული მუხლის თანხა მცირეა, ამიტომ ისინი გამგეობას რეკომენდაციებს მისცემენ. თემურ ბარძიმაძის თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური სფეროს გაძლიერება უნდა იყოს.
მომავალი წლისთვის გაიზრდება ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება, რისთვისაც ამ მუხლს 200 ათას ლარზე მეტი დაემატა. ეს, ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატი 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროექტი მისთვის ბუნდოვანი და გაუგებარია.
რომელ სფეროში შემცირდა თანხები – გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში განმარტეს, რომ ეს ჯერ არ იციან. თუმცა ბიუჯეტის არსებულ პროექტში მითითებულია, რომ თანხები კულტურისა და სპორტის მიმართულებით 21 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და უკიდურესად გაჭირვებულთათვის გამოყოფილმა თანხებმა 50 ათასი ლარით იკლო. პროექტის მიხედვით, მცირედით არის შემცირებული აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ხარჯებიც. 22 გვერდისაგან შემდგარი, თემის მთავარი ფინანსური დოკუმეტი 4 მილიონ 441 ათასი ლარით გაიწერა. საკრებულო, ბიუჯეტის საჯარო განხილვებს, მომავალი კვირიდან დაიწყებს.