საფრანგეთში სამდღიანი
გლოვა გამოცხადდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ერისადმი
მიმართვაში განაცხადა, მან შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
ფრანსუა ოლანდმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ტერაქტები “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა განახორციელეს, თავდასხმების დაგეგმვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოხდა.
ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ფრანსუა ოლანდის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულია არმია და საპოლიციო ძალები. სამხედროები პარიზის ქუჩების პატრულირებას გააგრძელებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 129
ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა. 99 დაშავებულის
მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დაღუპულთა შორის აშშ-ისა და დიდი
ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.
საფრანგეთში 13 ნოემბერს ტერაქტი ექვს ადგილზე მოხდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.
სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა, მსოფლიოს მასშტაბით, შენობები. ლურჯ, თეთრ და წითელ ფერებშია განათებული თბილისის საკრებულოს შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია. საფრანგეთის დროშის ფერებშია მშვიდობის ხიდიც.