ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა დაიწყო. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ მომავალი წლისათვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფეროს გაძლიერება და ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება იქნება.
ამორტიზებული შიდა გზა, სარწყავი და სასმელი წყალი – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაც სოფელ მინაძის მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში აქ წყლით სავსე ორმოები ჩნდება და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. გარდა ამისა, მათ საკმარისი რაოდენობით არც სასმელი და სარწყავი წყალი აქვთ. მინაძელები ადგილობრივ ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტში სწორედ ამ საკითხების შეტანას სთხოვენ.
ახალციხის გამგეობაში მთავრ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა სექტემბრის თვიდან დაიწყო. როგორც აღმასრულებელ ორგანოში განმარტავენ, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, თუმცა 2016 წლის მთავარი პრიორიტეტი სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება იქნება. ნოდარ ბალახაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და პრიორიტეტების შერჩევა მიმდინარეობს.
თემის საკრებულოს დეპუტატსა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ უნახავს. თუმცა მაკა სუდაძეს მიაჩნია, რომ მომავალი წლისათვის, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება და სოციალური სფეროს გაუმჯობესება უნდა იყოს. ფრაქციის თავმჯდომარე, მომავლი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ ახალ პროექტსაც ამზადებს.
რა თანხა გაიწერება მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში – ეს გამგეობაში ჯერ არ იციან, თუმცა ნოდარ ბალახაშვილი ირწმუნება, რომ 2016 წლის ბიუჯეტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის იყო. ამ ეტაპზე მხოლოდ იმ გარდამავალი პროექტების თანხებია ცნობილი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული განვითარების ფონდიდან აფინანსებს. მის ფარგლებში, სოფლებში მისასვლელი გზებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ორმილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალციხის გამგეობის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბრამდე უნდა შევიდეს. საჯარო განხილვების შემდეგ, მისი საბოლოო სახით დამტკიცება წლის ბოლომდე მოხდება.