„ჯერ ,,გაზპრომ”-ი შემოვა საქართველოში, შემდეგ რუსეთი შემოიყვანს ჯარს“ -ასეთია ახალციხელების ერთი ნაწილის პოზიცია ქვეყანაში, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსვლასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ,,გაზპრომ”-თან ხელშეკრულებას გააფორმებს, ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს მხოლოდ, მაღალჩინოსანთა პოლიტიკურ ან ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. ახალციხელების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოში ალტერნატიული გაზის შემოსვლით კონკურენცია გაჩნდება.
,,გაზპრომ”-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე კომენტარი, 13 ოქტომბერს, ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა. კახი კალაძე კომპანიასთან თანამშრომლობითპრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მასთან წინა მთავრობებიც თანამშრომლობდნენ. შემოვა თუ არა რუსული გაზი საქართველოში – მინისტრს ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს.
საქართველოსა და კომპანია ,,გაზპრომ”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ეკონომისტებიც საუბრობენ. ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ კომპანიასთან გამართული მოლაპარაკებები, პირდაპირ რუსეთის გაზის საქართველოში შემოსვლას არ ნიშნავს. ეკონომისტი იმ სქემაზე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება მიიღოს საქრთველომ ალტერნატიული ბუნებრივი აირი.
გაზპრომი საქართველოს ბუნებრივი აირით, 2006 წლამდე ამარაგებდა. მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთში რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და საქართველო შუა ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, თბილისმა გადაწყვიტა არასანდო გაზის წილი მინიმუმამდე დაეყვანა და იგი აზერბაიჯანულით ჩაენაცვლებინა. გააგრძელებს თუ არა ქართული მხარე გაზპრომთან მოლაპარაკებებს, -ეს ჯერ უცნობია. მანამდე კი უცხოური მედიასაშუალებები საქართველოში, აზერბაიჯანული „სოკარი”-სა და რუსული „გაზპრომის“ ომს პროგნოზირებენ.