ხმაური იყო დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სამი პირის – ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის პროცესის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილის სარქის აკოფიანის ახლობლები, ჯერ მოსამართლეს შემდეგ კი ბრალდებულების ადვოკატსა და ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ. ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ვითარების განსამუხტად სასამართლოში სამართალდდამცველები გამოიძახეს.
ინცინდენტის დროს მხარეები ,,მე–9 არხისა“ და ,,სამხრეთის კარიბჭეს“ კორესპონდენტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ და გადაღების უფლებას არ აძლევდნენ.
აკოფიანის ახლობლები სამი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაცვლად, მკვლელობის თანამონაწილედ გამოცხადებას ითხოვენ.
გარდაცვლილის ახლობლებთან დაკავშირებით კომენტარი ბრალდებულების ადვოკატმაც გააკეთა. მაიზერ ბაბლუანი ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე მომხდარი ინცინდენტი, სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო ორგანიზებული და მათ ინტერესებს ემსახურებოდა.
ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის პროცესზე დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს. სხდომა საქმის არსებითი განხილვით გაგრძელდება.