სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რეგიონების ხელმძღვანელებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების გაზიარება წარმოდგენდა.
“დღეს მოვიწვიეთ ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, რომელთანაც გავდივართ თითოეულ რეგიონში განხორციელებულ სოფლის მეურნეობის პროექტებს. ვისმენთ მათ მოსაზრებებს, რათა გათვალისწინებული იყოს ეს შემდეგი წლის სამოქმედო გეგმაში. და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვინდა წელიწადში ორჯერ–სამჯერ მაინც ანალოგიური ფორმატის შეხვედრები გავმართოთ” – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტი – “საინვესტიციო გზამკვლევი”, წარმოადგინეს, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აგრარულ დარგში ინვესტიციის განხორციელება სურს.
ოთარ დანელიამ გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის “ჯიღაურას” ბაზა დაათვალიერებინა და ქართული ენდემური ვაზის უნიკალური საკოლექციო ჯიშები გააცნო.