ახალციხის მერმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 2015 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. ქალაქის პირველმა პირმა ძირითადი დრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუთმო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.
კოპაძე სასმელი წყლის პრობლემასაც შეეხო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
მერის თქმით, 2016 წლისათვის მთავარი პრიორიტეტი, ქალაქში ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და კულტურული ცხოვრების განვითარება იქნება. მისივე განმარტებით, ტურიზმის განვითარების მხრივ, მნიშვნელოვანია ქალაქში ფესტივალების მოწყობაც, „მე არ მაქვს პრობლემა იმ კერძო პირებთან, ვისაც სურთ ფესტივალების მოწყობა, თუმცა ორგანიზატორებმა უნდა დაგვიმტკიცონ, რომ ეს იქნება ეფექტური, დაფინანსებული და ბოლოს არ გაირკვევა, რომ ქალქის მერიამ უნდა მიიღოს მის დაფინანსებაში მონაწილეობა“-აღნიშნა გიორგი კოპაძემ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კოპაძემ ახალი დაპირებები გასცა და მიუსაფართა სახლის, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების, უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელისა და ქალაქში არსებული სკვერების კეთილმოწყობა დააანონსა. თუმცა, მათი განხორციელების კონკრეტულ ვადებზე მერს არ უსაუბრია.