ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსი შეიცვალა. პოსტი მადონა
გულიაშვილმა დაიკავა. იგი საკუთარი უფლება–მოვალეობის შესრულებას 3
აგვისტოდან შეუდგა.
აღნიშნულ თანამდებობაზე, ამ დრომდე, გიორგი ახალკაცი მუშაობდა, რომელიც 2015 წლის 11 მაისს გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ დანიშნა. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ გიორგი ახალკაცმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, კერძოდ, იგი ახალციხიდან ხაშურში გადავიდა, რის გამოც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ იურიდიული სამსახურის უფროსი მისი გამოცდილების საფუძველზე შეირჩა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავრი სპეციალისტის, მამუკა კალანდაძის თქმით, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამგეობა კონკურსებს არ აცხადებს, ამიტომ მადონა გულიაშვილი კონკურსის გარეშე, cv-ის მიხედვით შეირჩა.
მადონა გულიაშვილი 1992 წელს დაიბადა. 2010–2014 წლებში სწავლობდა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ამბობს, რომ სტაჟირება გაიარა ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და სანოტარო ბიუროში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.