სოფელ ჩუნჩხის
მაცხოვრებლები სტიქიამ დააზარალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი
წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი 17 აგვისტოს 18:00 საათზე დაიწყო. სტიქია,
დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მთიდან წამოსულმა
ნიაღვარმა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დატბორა. ფერმერების ნაწილს
მოსავალი სეტყვამ, ნაწილს კი ღვარცოფმა და ძლიერმა ქარმა
გაუნადგურა.
80 კომლიანი სოფელის სახნავ–სათესი მიწის ფართობი 650 ჰექტარს შეადგენს, სადაც მოსახლეობას კარტოფილი, ხორბალი და ქერი უთესია. აქედან სტიქიამ 35 ჰექტარი დააზიანა.
„ერთი ჰექტარი და 25 მეასედი მაქვს დაზღვეული. სტიქიამ კარტოფილი ნახევარ ჰექტარზე გამინადგურა. სადაზღვევო კომპანიას შევატყობინე და მითხრეს დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა“ – აცხადებს ჩუნჩხის მაცხოვრებელი ემზარ პაპიძე.
დაზიანებული მიწის ფართობები დღეს, 18 აგვისტოს ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს.
გამგეობაში განმარტავენ, რომ სტიქიამ მუნიციპალიტეტში მხოლოდ სოფელი ჩუნჩხა დააზარალა. დაზიანებულია 14 ჰექტარზე დათესილი კარტოფილი, 7 ჰექტარ ფართობზე – ქერი და 14 ჰექტარზე – ხორბალი.
„მოსახლეობის დიდ ნაწილს ნაკვეთები დაზღვეული აქვს. შესაბამისად, ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ შალვა ბალახაძემ.