აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხეში ადგილობრივმა ხელისუფლების პირველმა პირებმა, ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და ადგილი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი აღიმართება გვირგვინებით შეამკეს.
დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ გადაიხადა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ახალციხიდან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს. მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ფულადი თანხის გადაცემას ახალციხის მერიაც გეგმავს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. კონფლიქტი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.