ორფოლოს პოლიგონის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მინაძის საძოვრები იწვის. ხანძარი დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით, 11:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მინაძე–ჭაჭარაქის ადმინისტრაციულ ერთეულში აცხადებს, რომ ამ დროისათვის, დაახლოებით, 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია დამწვარი. გიორგი დიასამიძის თქმით, საშიშროება იყო, ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიაზეც გავრცელებულიყო, თუმცა, მეხანძრეებმა ადგილობრივების დახმარებით, ხანძრის ნაწილობრივ ლოკალიზება მოახდინეს. ამჟამად, ცეცხლი საძოვრებს ისევ უკიდია.
ადგილზე, სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა ჯგუფია მობილიზებული.