ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აბასთუმანში გამგებლის რწმუნებულის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა. აღნიშნულ პოზიციას დღეიდან მამუკა ფირანიშვილი იკავებს. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, სასამართლოს მიერ ყოფილი რწმუნებულის გივი ყულჯანიშვილის მიმართ განაჩენის გამოტანამდე, მას თანამდებობაზე მხოლოდ დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება აქვს.
აღნიშნული პოსტი 24 ივნისის შემდეგ ვაკანტურია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი გამოართვა. სამართალდამცველებმა გივი ყულჯანიშვილი დაბა აბასთუმანში დააკავეს.