ახალციხეში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეგროვება დაიწყო. ქველმოქმედებაში ჩართვის მსურველებს, წიგნების მიტანა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირევლ სართულზე შეუძლიათ.
წიგნები კი ახალციხიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაიგზავნება. კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობისათვის დახმარების მსურველებს, შეუძლიათ თანხა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხონ.
ბიბლიოთეკის საშუალებით ახალგზარდებს ახალი გამოცემების გაცნობის, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ. ბიბლიოთეკა ოფიციალურად 19 ივლისს ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გოგონა 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს გარდაიცვალა.