ამორტიზებული გზა, რომელიც ტურისტებს ახალციხის ისტორიულ კომპლექსთან აკავშირებს და საფრთხე, რომლის წინაშეც სოფელ ივლიტის მოსახლეობა ყოველი წვიმის დროს დგას – ადგილობრივები გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.
ივლიტის მოსახლეობა სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა მთლიანად ამორტიზებულია და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. გარდა ამისა, მონაკვეთზე გაბიონები და სანიაღვრე არხები არ არსებობს, რის გამოც ყოველი წვიმის დროს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორვის საფრთხის წინაშე დგას. ივლიტელები ამბობენ, რომ ბოლოს, ძლიერი წვიმა ივნისის თვეში დაფიქსირდა, რა დროსაც გზა ნაშალი მასალით შეივსო, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული მონაკვეთი არ გაწმენდილა.
ივლიტის გზა, ბოლოს, 2012 წელს, ახალციხის ციხის რეაბილიტაციის დროს მოიხრეშა. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი განმარტავს, გზა ტურისტებისთვის შენდებოდა. მალხაზ გიქოშვილის თქმით, ახალციხის ისტორიულ კომპლექსთან ვიზიტორებს, სწორედ ეს გზა დააკავშირებდა. მისივე განმარტებით, ადგილზე, როგორც გარეგანათების, ისე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება იგეგმებოდა. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების გამო, გეგმების განხორციელება ვეღარ შეძლეს, ახალმა მთავრობამ კი პროექტის გაგრძელება აღარ მოისურვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ივლიტის გზა მიმდინარე წელს მოიხრეშება და ნაპირსამაგრი სამუშაოებიც ჩატარდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ დროისათვის გზის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია. თუმცა, რა თანხის ფარგლებში იგეგმება ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია, გელა ნოზაძე ვერ აკონკრეტებს. მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ივლიტის ორკილომეტრიანი გზა ერთადერთია, რომლითაც დიდი ზომის ტრანსპორტი ქალაქის ისტორიულ კომპლექსამდე მისვლას მოახერხებს. გზის რეაბილისტაციის შემთხვევაში, პრობლემა მოგვარდება, როგორც იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ავტობუსებით გადაადგილდებიან , ასევე, სოფელ ივლიტის მოსახლეობისთვისაც.