ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცენტრალური გზა ისევ გადაკეტილია.
საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი
სეტყვისა და წვიმის გამო ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ნაშალი მასალა
ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. გარდა ამისა, სოფლის
ცენტრში ტრაილერმა გზა ჩახერგა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც გზის გაწმენდას ცდილობენ. აწყურში იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ტრანსპორტის მოძრაობას აკონტროლებენ.
“მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე სპეციალური ტექნიკაც მივიდა.
აწყურში იმყოფება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. სიტუაციას აკვირდებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორიც.
შეგახსენებთ, რომ სტიქიამ დღეს, 11 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები: კლდე, წნისი, მუგარეთი ფერსა, გიორგიწმინდა, წინუბანი, გურკელი და აწყური დააზარალა. დაზიანებულია ნათესები, ნარგავები და ხეხილი.
დღესვე სეტყვა დაფიქსირდა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. სადაც ნათესებისა და ნარგავების დაზიანების გარდა, დაიხოცა შინაური ფრინველიც.