ლარში გაცემული სესხები გაძვირდა. ეროვნული ბანკის მონერატული კომიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მოსახლეობის ჯიბეზე უარყოფითი გალენა მოახდინა. მოსახლეობა ამბობს, რომ სესხის პროცენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი გადახდა უჭირს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, აღნიშნული პროცესი ლარის კურსის გამყარებისკენაა მიმართული.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ლარის გამყარების მიზნით, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, მოსახლეობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. უკვე რამდენიმე დღეა ადგილობრივებს კომერციული ბანკებიდან ლარში აღებული სესხი გაუძვირდათ. ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფის მიერ, ახალციხეში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სამომხმარებლო და სხვა სახის სესხით მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს. მათი თქმით, დოლარის კურსის ცვლილების გამო, სესხი ლარში აიღეს, თუმცა გადასახადი მაინც გაუძვირდათ.
6 მაისის შემდეგ, ლარში აღებული სესხი 5%–ით იმ მომხმარებლებს გაუძვირდათ, რომელთა სესხიც ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. კომერციული ბანკების ინფორმაციით, თუკი რეფინანსირების განაკვეთი მაღლა აიწევს, პროცენტიც შესაბამისად, მაღალი იქნება და პირიქით. მიბმულია თუ არა სესხი რეფინანსირების განაკვეთზე, ეს მომახმარებელმა ბანკთან დადებულ ხელშეკრულების პირობებეში უნდა მოიძიოს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, ახალციხეში ამბობენ, რომ სიახლემ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.
,,აღნშნული პოლიტიკა მოსახლეობის მდგომარეობაზე ავტომატურად უარყოფითად იმოქმედებს“– განმარტავს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, როინ თათეშვილი. ექსპერტ–ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობის გამო გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა, იმ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმაც მოახდინა, რომლებთანაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს. თათეშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ ლარის ინფლაციას ნავთობ პროდუქტებზე ფასების კლება არეგულირებდა, თუმცა ამ ეტაპზე საწვავის ღირებულებამაც მოიმატა და პროცესმა მოსახლეობის დაზარალება გამოიწვია.
ლარში აღებულ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხი 5%–ით გაიზარდა, ხოლო 4–ჯერ მეტით, ანუ 20%–ით მეტს იხდიან ბანკებში ის პირები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. ვალუტის ცვლილებამ მათ მდგომარეობაზეც იმოქმედა და ამ ეტაპზე 2–ჯერ მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ეს სესხის აღების პერიოდში იყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს აღებული. ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი თებერვლის თვეშიც გაზარდა. 6 მაისს კი იმავე კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პროცენტით აწია. ლარის კურსის გამყარებისათვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად კიდევ გაიზარდოს და წლის ბოლოსთვის 5.5 პროცენტი შეადგინოს.