საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 3 ეტაპად განხორციელდება. 23 აპრილიდან – 4 მაისის ჩათვლით ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც დაწესებულების თანამშრომელია ან რომლის ოჯახიდანაც პირველ კლასში ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 5 მაისიდან, 13 მაისის ჩათვლით სკოლაში მოხდება.
II ეტაპი –2015 წლის 15 მაისიდან დაიწყება და ელექტრონულად განხორციელდება. პროცესი 9 ივნისს დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით მოხდება. განსაზღვრულ ვადებში დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. III ეტაპი 2015 წლის 22 ივნისიდან – 2015 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
რეგისტრაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე განხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, პროცესს მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება.