ცხრა თვის განმავლობაში, ქალაქ ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, დანამატის სახით, 217 ათასამდე ლარია გაცემული. აღნიშნული ინფორმაცია ,,მე–9 არხმა” ოფიციალურად გამოითხოვა.
თვითმმართველობიდან მიღებული წერილის მიხედვით, 76 292 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეზე, მოადგილეზე, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეებსა და აპარატის თანამშრომლებზეა გადანაწილებული.
დავით ლომიძე ამბობს, რომ საკრებულოში დანამატები დაბალი ხელფასებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო გაიცემა. ვინ და რა ოდენობის დანამატს მიიღებს – ეს ბიუროს სხდომაზე წყდება. საკრებულოს თავმჯდომარე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გაცემული დანამატების მზარდ სტატისტიკას, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებსა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, საკრებულოს წევრების ჩართულობით ხსნის.
სახელფასო დანამატებს ცუდ ტენდენციას უწოდებს საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,” რომელსაც დანამატი ექვსჯერ აქვს აღებული. მალხაზ გიქოშვილმა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ამ სახით 5 400 ლარი მიიღო. მიუხედავად ამისა, დეპუტატისთვის დანამატის პრინციპი გაუგებარია.
სახელფასო დანამატებში დახარჯული თანხა, სოციალურ პრობლემებს უნდა მოხმარებოდა – ამბობს საკრებულოს წევრი ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან.” ჯიმშერ გოგოლაური მიიჩნევს, რომ დანამატს ყოველთვიურად და ყველა საჯარო მოხელე არ უნდა იღებდეს.
პრემიები სახელფასო დანამატმა ჩაანაცვლა – ამბობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.” არჩილ თოდუას, ახალციხის საკრებულოსა და მერიის მიერ გაცემული თანხების შეფასება ვთხოვეთ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სახელფასო დანამატის ყოველთვიურად გაცემა, არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.
ახალციხის მერიაში, სახელფასო დანამატების სახით, 140 551 ლარია გაცემული. რის მიხედვით გაიცემა დანამატი – ამ საკითხზე გასაუბრებას, მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა ილია ზარდიაშვილმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. დანამატებზე საუბარს არ მოერიდა ადგილობრივი მოსახლეობა.
ახალციხის ბიუჯეტიდან სახელფასო დანამატის მუხლში, საკრებულოს 80 000 ლარი, მერიას კი 200 000 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. თანხის უმეტესი ნაწილი უკვე გაცემულია. დანამატის გარდა, ახალციხის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, წელიწადში ორჯერ, პრემიას იღებენ. დავით ლომიძის თქმით, ნეგატიური დამოკიდებულების გამო, მთავრობა სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაუქმების საკითხს განიხილავს.