ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობიც საქმეზე, მოსამართლემ დღეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოისმინა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის დები დაიკითხნენ, თუმცა სხდომის ეს ნაწილი დახურული იყო. მოსამართლემ ვერ დაკითხა ადვოკატის მიერ წარდგენილი ექსპერტი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა. მიზეზი კი ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულის გენადი იაკობაძის დების დაკითხვა გახდა. როგორც გივი ლონდარიძემ დარბაზში მსხდომებს განუმარტა, სხდომა დახურულად დების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოაცხადა. აღნიშნულმა გოგაშენის მაცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია.
ბრალდებულ გენადი იაკობაძის დების სასამართლო პროცესზე დაკითხვის დეტალები უცნობია. თუმცა, როგორც მედიასთან თავად განაცხადეს, ბრალდებისა და დაცვის მხარე, ძირითადად, იაკობაძის ფსიქიკურ პრობლემებითი დაინტერესდნენ. მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ პროკურორ ვასილ ოსიძეს კითხვები მკვლელობის დღესთან დაკავშირებითაც ჰქონდა. თუმცა ვერაფერი უპასუხა, რადგან შემთხვევის ადგილზე არ იმყოფიებოდა. ბრალდებულის დამ ჟურნალისტებთან, სამცხე–ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსის მხრიდან განხორცილებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამართლიანობის დასადგენად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს.
პროცესზე, დების გარდა, დისტანციურად ექსპერტ თემურ ხარებავას მოწმის სახით დაკითხვაც იგეგმებოდა, თუმცა სასამართლომ მასთან დაკავშირება გარკვეული დროის განმავლობაში ვერ მოახერხა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ექსპერტი გულის შეტევით საავადმყოფოშია მოთავებული. აღნიშნულის დამადასტურებელ ცნობას ადვოკატი სასამართლოს მომავალ პროცესზე წარუდგენს. მოსამართლე გივი ლონდარიძემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა დაასრულა.
ბებისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში მკვლელობა, გასული წლის 10 ივლისს მოხდა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.