ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კიდევ ერთ მოადგილედ კარლენ მანასიანი დანიშნა. გამგებლის მოაგილემ გურამ მელიქიძემ იგი დღეს რწმუნებულებს ტრადიციულ თათბირზე წარუდგინა.
კარლენ მანასიანი თანამდებობაზე ოფიციალურად 23 მარტს დაინიშნა. იგი 1990 წელსაა დაბადებული.
2009–2013 წლებში სწავლობდა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
კარლენ მანასიანი გამგებლის ყოფილი მოადგილის აშოტ მანასიანის უფროსი ვაჟია.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
გამგეობაში განმარტავენ, რომ იგი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია და ამ კუთხით მისი მუშაობა მნიშვნელოვანი იქნება. გამგებლის მოადგილის გურამ მელიქიძის თქმით, იგი კარგად ფლობს სახელმწიფო ენას. გარდა ამისა, იმედოვნებს რომ მანასიანი ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან ურთიერთობისას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავდა. გურამ მელიქიძე პირველ მოადგილედ 2014 წლის ბოლოს დაინიშნა.