ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში ისევ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დღეს გარდაცვლილების ოჯახის წევრები და მეგობრები დაიკითხნენ. მათ 2014 წლის 28 აგვისტო დეტალურად გაიხსენეს და განმარტეს, რომ მკვლელობა ახალგაზრდებისა და მირზა კუბლაშვილის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც ინცინდენტში დავით კუბლაშვილი ჩაერთო.
სხდომაზე ექვსი პიროვნება დაიკითხა, მათ შორის იყო საქმის ერთ–ერთი მთავარი მოწმე როინ კირთაძე, რომელმაც მკვლელობის ღამეს მამა–შვილი კუბლაშვილები შემთხვევის ადგილამდე მიიყვანა.
კირთაძე, რომელიც მკვლელობის ღამეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ირწმუნება, რომ დავით კუბლაშვბილის თხოვნით, მირზა კუბლაშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა. მანამდე კი ისინი სახლში მიიყვანა. როგორ გამოიტანა ბრალდებულმა სახლიდან სანადირო იარაღი ეს კირთაძეს არ დაუნახავს, რადგან მისივე თქმით სიბნელე იყო. ჩვენების მიხედვით, კირთაძე გზაში მიხვდა, რომ კუბლაშვილს იარაღი ჰქონდა. მოწმის მონაყოლის მიხედვით, როდესაც კუბლაშვილმა სროლა დაიწყო, მას ეგონა ჰაერში ისროდა და ახალგაზრდები ძირს შიშისგან დაწვნენ.
კირთაძის ჩვენების არ სჯერა დაზარალებულ მახარეს, ისინი ამბობენ, რომ მან იცრუა და კუბლაშვილის განზრახვა კარგად იცოდა. ბრალდებულის ადვოკატებისთვის კი სარწმუნო არ არის გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობრების ჩვენება.
ადვოკატი მაგული გოგლიძე ამბობს, რომ მათ დღეს წინა ორი ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცეს. რაიონულ სასამართლოში შემდეგი პროცესი 23 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.