ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში კვლავ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დღეს ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც გარდაცვლილებს, ბრალდებულს, შევთხვევის ადგილსა და მკვლელობის იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარეს.
ექსპერტების თქმით, კუბლაშვილმა ახალგაზრდები სანადირო თოფით მოკლა, რომელიც თვითდამტენია. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა მოსამართლეს დაუდასტურა, რომ ბრალდებულ დავით კუბლაშვილსა და მის შვილს მირზა კუბლაშვილს სხეულზე მრავლობითი მსუბუქი დაზიანებებიც აღენიშნებოდა.
ექსპერტმა დაკითხვისას განაცხადა, რომ გიორგი სირბილაძის სხეულიდან 9, ვაჟა ნარიმანიშვილის სხეულიდან – 16, ხოლო ბორის სირბილაძის სხეულიდან 8 ლითონის ნაწილი ამოიღო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების ექვსი მოწმე დაიკითხა. შემდეგი პროცესი 19 მარტს 14:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განიხილება.
პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა დაცვის მხარემ. ადვოკატმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მედია აღნიშნულ მოვლენებს მიკერძოებულად აშუქებს და ორივე მხარის პოზიციას არ ითვალისწინებს. კითხვაზე საქმესთან დაკავშირებით, რომელი პროიცესი გააშუქა მედიამ მიკერძოებულად, ადვოკატს პასუხი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ „მეცხრე არხის“ მიერ მომზადებულ ყველა სიუჟეტში გათვალისწინებულია, როგორც დაცვის, ასევე, დაზარალებული მხარის პოზიცია.