თანამედროვე სტანდსარტებით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, სპორტული დარბაზი, სასადილო, საძინებელი ოთახები, სავარჯიშო განყოფილობა და რაც მთავარია სამხედრო აღჭურვილობა– პირველად სამცხე–ჯავახეთში, სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაბა ასპინძაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას უწყების პირველი პირი ვახტანგ გომელაური, პრემიერ– მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და მხარის გუბერნატორი დაესწრნენ. მათ სამმართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ობიექტის ფუნქციონირება რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს.
პრემიერ–მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასპინძაში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნასთან ერთად, ცენტრის სპეციალურ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცეს. სამინისტროსათვის გაწეული უმწიკვლო სამსახურისათვის, მათ ღირსების მედლით პოლიციელები დააჯილდოვეს. ახალი ბაზის გახსნას ასპინძაში, მთავრობის წევრებთან ერთად, ევროკავშირის დიპლპმატიური კორპუსის, აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ასპინძაში, ახალი ბაზის გახსნის პარალელურად, პრემიერ–მინისტრს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ელოდებოდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ასპინძელებს არ შეხვდა. შეკრებილმა მოსახლეობამ „მეცხრე არხს“ განუცხადა, რომ პრემიერთან გასაუბრება მათ საკუთარი პრობლემების შესხებ სურდათ.
ასპინძაში სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მშენებლობა 2013 წლიდან, ყოფილი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. შსს–ს ბაზის მშენებლობა ასპინძაში 2014 წელს დასრულდა, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.