ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის საქმეზე მტკიცებულებების განხილვა დასრულდა. დღეს დაცვის მხარემ ბოლო მტკიცებულებებად, გიორგი კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტები და ვიდეო–მასალა წარადგინა.
დაიკითხა თავად ბრალდებულიც რომელმაც დაკავების დღე დეტალურად გაიხსენა. მან სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე ფიზიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იარაღი რომლის შეძენა–შენახვასაც მას ედავებიან, სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ბრალდებულმა ისიც აღნიშნა, რომ პოლიციამ დაკავებამდე მისი საცხოვრებელი სახლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, არაერთხელ გაჩხრიკა, თუმცა უშედეგოდ. ადვოკატის აზრით, სასამართლოს მან საკმარისი მტკიცებულებები წარუდგინა იმისათვის, რომ მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა გამამართლებები განაჩენი გამოიტანოს. ირაკლი ბარძიმაძე და პროკურორი მამუკა ქომოშვილი მომდევნო პროცესზე დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. შემდეგი სხდომა 1 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა. გიორგი კაპანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.