ქალაქ ახალციხის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“ დაიშალა. ამის საჭიოროება მას შემდეგ დადგა, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა გოგოლაძემ ფრაქცია დატოვა.
საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ახალი ფრაქციის „ერთობის“ ჩამოყალიბებას უყარეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, აპოლიტიკური იქნება. ფრაქციას ნინო ანანიაშვილი უხელმძღვანელებს.
ცვლილებები შევიდა ქალაქ ახალციხის 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშიც, რომლის მიხედვითაც მესხეთის პროფესიული თეატრისა და თოჯინების თეატრის დაფინანსება, 78 000 ლარით მოხდება.
ცვლილებებია სოციალურ პაკეტშიც, რომლის მიხედვითაც ახალციხეში მცხოვრები ომის ვეტერანები, დახმარების სახით წელიწადში 500 ლარის მედიკამენტებს მიიღებენ.
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე სულ 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო, ახალციხის ოფიციალური ვებ–გვერდის დებულების დამტკიცება, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.