პრემიერის მიერ შექებული და დაწუნებული მუნიციპალიტეტები – ახალციხის პირველმა პირებმა და რეგიონის გუბერნატორმა, 11 მარტს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. შეხვედრა შეაფასეს ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმაც.
ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი და ადიგენი–ეს ის მუნიციპალიტეტებია სამცხე–ჯავახეთში, რომლებსაც პრემიერ–მინისტრის თქმით, ბიუჯეტის ათვისების მხრივ, ერთ–ერთი ყველაზე მაღალი – 90%–იანი მაჩვენებელი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოწონებული მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ნინოწმინდა და ასპინძა. მათ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად პრემიერ–მინისტრმა მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებისაკენ მიუთითა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ასპინძასა და ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისას ჩავარდნები იყო, რის გამოც მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის ათვისების მხრივ, დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ძირითადი ყურადღება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გამახვილდა და ამ მხრივ სამომავლო გეგმებიც დაისახა, ამას მედიასთან ახალციხის მერი და გამგებელიც ადასტურებს. ქალაქის თავის თქმით, პრემიერისგან მთავარი მესიჯი იყო, ის რომ მუნიციპალიტეტებმა მუშაობა გააძლიერონ. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კოპაძემ ღიად განაცხადა, რომ დახურულ კარსმიღმა შეხვედრისას, პრემიერ–მინისტრმა მედია მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებზე ობიექტური გაშუქება არ ხდება.
პრემიერის განცხადებას, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო ხარჯები სწორედ განკარგა და სრულად აითვისა , ეთანხმება „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი. შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ვერავინ გაბედავდა და მის შეფასებაში ეჭვი არ ეპარება. გოგოლაძისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს „ბურჯანაძე–გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონულ კოორდინატორს. ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ პრემიერს ახალციხის ბიუჯეტის ათვისების შესახებ მცდარი ინფორმაცია აქვს ან იგი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს.
საქართველოს–პრემიერ მინისტრმა მერებთან, გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრა 11 მარტს გამართა.შეხვედრის ინიციატორი თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო. იგი მთავრობის 5 მარტის სხდომაზე დაინტერესდა, თუ რატომ ჩნდება პრობლემები რეგიონებში განსახორციელებული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების თვალსაზრისით. პრემიერმა განაცხადა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები ტრადიციულ სახეს მიიღებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე სამცხე–ჯავახეთში ვიზიტიც დაანონსა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან იგი რეგიონის განვითარების გეგმაზე ისაუბრებს.