იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის საქმეს ორი მთავარი მოწმე გამოაკლდა. როგორც ბრალდებულ გიორგი კაპანაძის ადვოკატი განმარტავს, პროკურორის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესზე, ის ადამიანები არ დაიკითხებიან, რომლებიც დაკავების პროცესში კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ და საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.
ირაკლი ბარძიმაძის თქმით, ბრალდების მხარემ ეს გამიზნულად გააკეთა, რადგან გიორგი კაპანაძისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანა არ მოხდეს.
თავად მოწმეებმა კამერებთან გამოჩენა და კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ისინი პირად საუბრებში ირწმუნებიან, რომ პოლიციამ კაპანაძეს იარაღი ჩაუდო.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ბარძიმაძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გიორგი კაპანაძემ მას წერილი გამოუგზავნა, სადაც კიდევ ერთხელ დეტალურად აღწერს დაკავებისას და შემდეგ დაკითხვისას, თუ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად, სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე და მისი მაშინდელი მოადგილე ალექსანდრე კენჭოშვილი. დაკითხვისას რომ სამმართველოს შენობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება რამდენჯერმე გახდა საჭირო, ამას ის მოწმეებიც ადასტურებენ, რომლებიც კაპანაძესთან ერთად დააკავეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კი ისინი ადმინისტრაციული ოქმის საფუძველზე გაათავისუფლა.
გიორგი კაპანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.