სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შსს–ს ინფორმაციით, უკვე ყოფილი უფროსი ზაალ ფუტკარაძე იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნება. კითხვაზე – ვინ დაიკავებს ფუტკარაძის პოსტს, შსს–ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამის შესახებ, ახალი უფროსის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ მოგვაწვდიან.
საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილებებს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი გამოეხმაურა. მან „მეცხრე არხთან“ განაცხადა, რომ პოლიციის უფროსის მოვალეობას ფუტკარაძის ყოფილი მოადგილე დავით მაღრაძე ასრულებს. სამარჯიშვილის ინფორმაციით, მას უფროსის პოსტზეც მალე დანიშნავენ.
ადვოკატი ირწმუნება, რომ მაღრაძე თანამდებობისათვის შესაფერისი პიროვნება არ არის და იგი ხელმძღვანელად დანიშვნის ნაცვლად, საპატრულო პოლიციიდან უნდა გაეთავისუფლებინათ. ამის მაგალითად კი მას პოლიტპატიმრის ზურაბ ხუციშვილის უკანონოდ დაკავება მოჰყავს და ამბობს, რომ მაღრაძის შეუფერებელი ქცევა ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს, რომელიც მედიას უკვე გადასცა.