საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. როგორც ცნობილია, პრემიერი რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ასევე დადგინდა თარიღი, თუ როდის დაიბარებს პრემიერი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და მოისმენს მათგან ანგარიშს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
„გამგებლებთან შეხვედრა სავარაუდოდ, ოთხშაბათს იქნება. პრემიერთან შეხვედრაზე ჩვენც ვიქნებით. რაც შეეხება ფორმატს, გვეტყვიან ალბათ“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა.
შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცალკეული გუბერნატორები პრემიერს ინდივიდუალურად, პირისპირაც ხვდებოდნენ. ამის შემდეგ შედგა გაფართოებული შეხვედრაც. გუბერნატორების თქმით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესხებ პრემიერს ინფორმაცია მიაწოდეს.
„პრემიერთან იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ რეგიონებში მიმდინარე ინფასტრუქტურულ პროექტებზე“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებს, გუბერნატორების თქმით, შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი თქმულა.
უცნობია იყო თუ არა დღევანდელ შეხვედრზე ინფრასტრუქტურის მინისტრი ან მისი მოადგილე. თუმცა როგორც ცნობილია პრემიერის და გუბერნატორების შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ესწრებოდა.