4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს. სხდომის გადასაღებად, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისული სატელევიზიო ჯგუფი დაცვის პოლიციამ სხდომათა დარბაზში არ შეუშვა. იმ პერიოდში, როდესაც ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა, დაცვის წევრმა მედიას ჯერ 2 წუთით მოცდა, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ კი შენობის დატოვება მოსთხოვა. ჟურნალისტი შეეცადა მისთვის აეხსნა, რომ სხდომა ღია იყო და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო, თუმცა დაცვის წევრი იმეორებდა, რომ უფროსის დავალება ჰქონდა შენობაში ჟურნალისტები არ შეეშვა. კითხვაზე, თუ ვინ იყო ე.წ ,,უფროსი”, იგი არ პასუხობდა.
ჟურნალისტები საქმის გარკვევას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეეცადნენ, თუმცა მდგომარეობა უცვლელი დარჩა. ნახევარ საათიანი ლოდინისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან სატელეფონო ზარების შემდეგ, საქმეში ნაციონალური მოძრაობის წევრები და თავად ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ლობჯანიძე ჩაერია, რის შემდეგაც მედიას გადაღების საშუალება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს სხდომები ღიაა და ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია მედიასა და საზოგადოებას სხდომის გამართვის შესახებ წინასწარ აცნობოს.
(ტელეკომპანია ,,მე–9 არხი” კადრების ხარისხის გამო ბოდიშს გიხდით, რადგან იგი არა სატელევიზიო, არამედ სამოყვარულო კამერით არის გადაღებული)