37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალციხე-ადიგენის ოლქიდან შესული განცხადება-საჩივრები განიხილა.
ახალციხის 37- ე საარჩევნო ოლქში კომისიის წევრთა შორის ხმაური “ქართული ოცნების” წარმომადგენლის საჩივრის განხილვამ გამოიწვია. პარტიის წევრმა ბიჭიკო მოდებაძემ სხდომაზე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, მისი მტკიცებით, უბანზე შესვლას ცდილობს. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ვაჟა ჩიტაშვილი უბანზე არ შედის. თეა გავაშელის თქმით, კენჭისყრის ადგილის გარეთ მომხდარი შემთხვევა კი კომისიის განსახილველი არ არის. კენჭისყრით დადგინდა, რომ დარღვევა არ დაფიქსირდა და შესაბამისად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დღევადელ სხდომაზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული ხარვეზებიც განიხილეს. “საქართველოს იურისტთა ასოციაციისა” და “სამართლიანი არჩევნების” საჩივრების მიხედვით, 22–ე ურავლის უბანზე 181 ცარიელი კონვერტი დაიკარგა. საიას საჩივარი შეეხებოდა, ასევე, მე-19 უბნის ოქმს, სადაც ბათილი ბიულეტენები დათვლილი არ არის და ოქმში 16 ბიულეტენი არ ჩანს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უბნების მდივნებმა ახსნა–განმარტებები დაწერეს, სადაც შეუსაბამობის მიზეზები განმარტეს. კომისიის გადაწყვტილებით, საჩივრები სრულად არ დაკმაყოფილდა. მე-19 უბნის მდივანს დისციპლინარულ პასუხისმგებლობად შენიშვნა განესაზღვრა, თუმცა საიას წარმომადგენელს სხვა მოთხოვნა ჰქონდა.
ახალციხის საარჩევნო ოლქში 17 განცხადება-საჩივარი შევიდა. აქედან ერთი მათგანის მოხსნა, თავად საჩივრის ავტორმა მოითხოვა. შესაბამისად, კომისიამ 14 საჩივარი და ორი განცხადება განიხილა.
საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრებითა და განცხადებებით “სამართლიანი არჩევნების”, “საიას”, „ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიმართეს. საჩივრებიდან ერთი ადიგენიდან დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.