ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოში დღეს რიგით მე–13 სხდომა გაიმართა.
მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა დეპუტატებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილა და კენჭი უყარა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საკრებულოში ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება–ახალციხის მომავლისათვის“ შეიქმნა, სადაც ოცნების წევრებთან ერთან, უკვე დაშლილი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები გაერთიანდნენ. ფრაქციის თავმჯდომარედ სხდომაზე ბიძინა გოგლაძე აირჩიეს. ერთ–ერთი მთავარი საკითხი, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცება იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. დღესვე ცვლილებები შევიდა 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ სოციალურ პაკეტში, რომლის მიხედვითაც აწყურში მეწყერით დაზარალებული ერთი ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის შესაძენად თანხა გამოიყო.